გამოქვეყნების თარიღი: 2023-12-29
წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე - ბექას და აღბუღას სამართალი, ძველი ქართული კანონმდებლობის ძეგლია, რომელიც შედგენილია XIII-XIV საუკუნეებში. აღნიშნული ძეგლი ქართული სამართლის ისტორიის რიგი ინსტიტუტების შესასწავლად ფრიად მნიშვნელოვანია და მისი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ იგი აერთიანებს რამდენიმე საკანონმდებლო აქტს, რომელიც არ ეკუთვნის ერთ კანონმდებელს.
სამართლის ძეგლი შეიცავს შესავალსა და 98 მუხლს, რომელთაგან 1-65-ე მუხლების ჩათვლით არის ბექა მანდატურთუხუცესის სამართალი, რომელიც ეკუთვნის ბექა I ჯაყელს, ხოლო 66-98 მუხლების ჩათვლით იწოდება აღბუღა ათაბაგ-ამირსპასალარის სამართალად, რომელიც შედგენილია ბექას შვილიშვილის აღბუღა I ჯაყელის მიერ.
სამართლის წიგნის შესავალში აღბუღა წერს: შევკრიბე საბჭო და პაპაჩემის, მანდატურთუხუცესის ბექას სამართლის წიგნი, ანუ „ განაჩენი“ დავიდევი წინ და „სრულებით და უკლებლად დავსწერეთ“, ე.ი. ბექას სამართალი უკლებლად გადმოვიწერე და დავამტკიცე სამოქმედოთო; ამასთანავე, იგი წერს, რომ ბექას სამართალს დავურთეთ ჩვენი სამართალიო: „და რაცა ჟამთა სიავითა სხვანი უწესონი საქმენი შემოსულიყვნენ, მათი სამართალიცა ზედ დავურთეთ“. აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს იმას, რომ ბექას კანონებს თან დაერთო ახალი კანონებიც, ასევე, ბექას სამართლის წიგნით გათვალისწინებული საზღაური, ფულის ერთეული - ყაზანური (მონღულური), გეოგრაფიულით - გიორგი V-ის სახელით მოჭრილი ფულის ერთეულით შეიცვალა. ჩვენს დრომდე მოღწეული ისტორიული ცნობები ნათლად ვერ ადასტურებს, თუ რა სახის ცვლილებები იქნა შეტანილი ბექას სამართლის წიგნის თავდაპირველ ვერსიაში.
აღსანიშნავია, რომ ბექას და აღბუღას სამართლის წიგნი ფეოდალური საზოგადოების ძეგლია და ის გაბატონებული ფეოდალური კლასის ინტერესებს იცავს. იგი განკუთვნილი იყო სამცხე-საათაბაგოს ფეოდალური სამთავროსთვის და მის პოლიტიკურ განკერძოებულობას გამოხატავდა. სამართლის წიგნში კანონმდებლის სახით საქართველოს მეფე არც კი იხსენიება; უზენაესი საკანონმდებლო, აგრეთვე, ადმინისტრაციული და სასამართლო ხელისუფლება სამთავროში მისი მფლობელის - პატრონ-ათაბაგის ხელშია.
სამართლის წიგნი აერთიანებს ნორმებს სამართლის სხვადასხვა დარგიდან. მართალია იგი აერთიანებს როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივ ნორმებს, თუმცა, მისი ძირითადი ნაწილი, სახელმწიფოს მაშინდელი ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, სისხლის სამართალს ეთმობა. სისხლისსამართლებრივი ნორმებიდან მკვლელობის, დაჭრის, ქურდობისა და ძარცვის სამართლებრივ მოწესრიგებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნორმათა სისტემაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ მაშინდელი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა განსაკუთრებული ჰუმანურობით გამოირჩეოდა, ვინაიდან, სასჯელის უმკაცრესი ზომის სახით, პირის სიკვდილით დასჯა, არც საკანონმდებლო ნორმებით იყო განსაზღვრული და არც პრაქტიკაში გამოიყენებოდა.
რაც შეეხება სამოქალაქოსამართლებრივ ნორმებს, აღბუღას სამართლის ძეგლი აწესრიგებს საკუთრებასთან, ნასყიდობასთან, ქირავნობასთან, გირავნობასთან, თავდებობასთან, მიბარებასთან და სასესხო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს. წიგნში, ასევე, ვხვდებით სამოსამართლო სამართლის საკითხებსაც (ბჭე, შუაკაცი, მტკიცების საშუალებანი, მოწმეთა ჩვენებები და სხვ.). აღბუღას სამართლის ძეგლი განსაკუთრებული სიფრთხილით აწესრიგებდა ისეთ მნიშვნელოვან სამართალურთიერთობებს, როგორიც კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტიდან წარმოშობილი სადავო ურთიერთობებია სადავო ნივთის ყოფილ, ამჟამინდელ მესაკუთრესა და მესამე პირს შორის. ამ კუთხით, განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი აღბუღას სამართლით გათვალისწინებულ, უფლებრივი და ქონებრივი რესტიტუციის საკითხებს, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობასა და სადავო ნივთის საბაზრო ღირებულების გამოთვლის სპეციფიკას. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა გლეხებს, ყმებსა და ფეოდალებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობებიდან წარმოშობილი კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანად მოგვარების გზებსა და პროცესებს.
ბექასა და აღბუღას სამართალი, სხვა სამართლებრივ ძეგლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილად შემორჩენილი კოდიფიკაციაა. თავისი ისტორიული მნიშვნელობით, მას არამხოლოდ მყარი ადგილი უჭირავს საქართველოს სამართლის ადრეულ სისტემაში, არამედ იგი ინსტიტუციური და ისტორიული სამართალმემკვიდრეობის თვალსაჩინო ნიმუშია.
(წყარო: დოლიძე ი., ქართული სამართლის ძეგლები, თბილისი, 1963, 450-470; სურგულაძე ივ., ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, თბილისი, 1984, 77-90; ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია (წიგნი პირველი), ტფილისი, 1928, 78-84, ნიჟარაძე რ., სასჯელები აღბუღას სამართლის მიხედვით, ჟურნალი სამართალი, თბილისი, N 6, 2001 წელი, გვ.74-81.).
მიმდინარე წლის 9 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ საქართველოს უზენაესი სასამართლო
2024-12-09
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 18 ნოემბერს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2024-11-17
იხილეთ სრულად