გამოქვეყნების თარიღი: 2025-12-15
„ფიცი“ და „მოფიცრობა“ ძალიან ძველი, ადათობრივი სამართლის ერთ-ერთი ინსტიტუტია. როგორც დამამტკიცებელ საბუთთა სახეს, ფიცს ქართული სამართალი უძველესი დროიდან იყენებს. ბაგრატ კურაპალატისა თუ ბექა-აღბუღას სამართლის ძეგლებში, ვახტანგის კანონთა კრებულსა თუ სამართლის სხვა, „კანონიკურ“ წიგნებში საპროცესო ნორმები სწორედ „ფიცისა და მოფიცრების“ ინსტიტუტზე დაყრდნობითაა გამოკვეთილი.
ფეოდალურ საქართველოში ხშირად იფიცებდნენ, როგორც სამოქალაქო დავებისას, ასევე — სისხლის სამართლის საქმეებისას, მათ შორის, მკვლელობის დროსაც, თუკი სხვა მტკიცებულება არ არსებობდა. ფიცი ძირითადად ეკისრებოდა მოპასუხეს, ბრალდებულს; ქონებრივი დავისას – იმ მხარეს, რომელიც ფაქტობრივად ფლობდა სადავო ქონებას.
ფიცის დანიშვნის საკითხს სასამართლო წყვეტდა და გადაწყვეტილებას „ფიცის განაჩენი" ერქვა. მოფიცრის როლში, ჩვეულებრივ, ნათესავები ან სახლის კაცები გამოდიოდნენ. მოფიცრობა დაზარალებულისა თუ მოპასუხისათვის მის ნათესავს ან ახლო მეზობელს უნდა გაეწია და ეს საგვარეულო მოვალეობა იყო. თავდაპირველად ისინი არ სახელდებოდნენ, მაგრამ სასამართლო წარმოების განვითარებისა და დანაშაულთა სიმრავლის გამო, საჭირო გახდა მოფიცართა „დასახელებაც“. „ზოგსა საქმესა შიგან რომელნიმე დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ უ ლ ნ ი მოფიცარნი უნდან, რომე ბჭეთა შეუსახნენ და ზოგსა — დ ა უ ს ა ხ ე ლ ე ბ ე ლ ნ ი. და ბჭეთაგან კარგა გამონახვა უნდა“, — ვკითხულობთ ბექას კანონების მეოთხე მუხლში. იქვეა მითითებული, რომ დაუსახელებელი მოფიცარი გვარისეული მოფიცარია, ხოლო დაუსახელებელი — გარეშე, უცხო პირი. მოფიცართა დასახელება და რაოდენობა საქმის სიმძიმეზე იყო დამოკიდებული: „თუ მძიმე ალაფი იყოს, მძიმეცა ფიცი უნდა. ფიცსა შიგა დასახელებული ან დაუსახელებელნი მოფიცართა წესია“ — ე.ი, თუ მძიმე დანაშაულია ჩადენილი, მოფიცართა რიცხვი დიდი უნდა იყოსო.
ფიცს მნიშვნელოვანი ძალა ენიჭებოდა საქართველოს ყველა მხარეში: მაგალითად, ფშავის ჩვეულებითი სამართლით, ფიცი უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებად მიიჩნეოდა, აქვე არსებობდა „თანამოფიცართა" ინსტიტუტიც.
სვანურად ფიცს „ნაბან"-ი ჰქვია. ტერმინიც ძველქართულია. მომდინარეობს „ნაბან"-იდან, რაც ნაკურთხ წყალში ხატის ნაბანი წყლით ფიცის დადებას გულისხმობდა. ძველი ქართული სამართალი ცრუ ფიცს უმძიმეს დანაშაულად მიიჩნევდა: „ცრუდ მფიცავი ათ წელ უზიარებელ იყოს: ორ წელ შესტიროდის, სამ წელ მსმნელთა თანა იყოს, ოთხ წელ დავრდომით აღასრულოს, ერთ წელ თანა დადგეს და მერმე ღირს იქმნას ზიარებისა", - ვკითხულობთ ძველ ქართულ სამართლის წიგნში. „ცრუ მოფიცარი“ და „ცრუ მოწმე“ ერთნაირ სასჯელს იმსახურებდნენ.
იფიცებდნენ ხატშიც. აუცილებელი იყო სანთელი, საკლავი და სასმელი. თუ ეჭვი ჰქონდათ ვინმეზე, რომ ბოროტება ჩაიდინა, იგი ხატში მიდიოდა, მიიყვანდა საკლავს, მიიტანდა სანთელსა და სასმელს. ჯერ ხევისბერი იტყოდა: „ის, რასაც შენ გაბრალებენ, თუ მართალია, წყეული და შეჩვენებული იყავიო". ის კაცი „ამინ-ამინს" იძახდა. მერე თვითონ იტყოდა: „თუ ამის ჩამდენი ვიყო, მოიშალოს ჩემი გვარი და სახსენებელი". ამ დროს ხევისბერი ჩააქრობდა სანთელს და დააქცევდა თასებს, ხოლო საკლავს თავს სჭრიდნენ. თუშეთში დამნაშავის გამოსატეხად მის ნათესავებს ხატში აფიცებდნენ, ქურდს შვიდმაგად აზღვევინებდნენ ნაქურდალს; ლეჩხუმშიც გამოიყენებოდა ხატზე დაფიცება, დამნაშავეს ხატზე გადაცემით გამოტეხდნენ; რაჭის ჩვეულებითი სამართლით, მედიატორები საქმის განხილვის დაწყების წინ დებდნენ ფიცს ნიშნად იმისა, რომ საქმეს სამართლიანად გადაწყვეტდნენ; გურიის ჩვეულებითი სამართლით, ფიცი სასამართლო მტკიცებულებად ითვლებოდა, სცოდნიათ ხატზე გადაცემაც („გადაჯვარვა").
იმერეთშიც უმნიშვნელოვანეს სასამართლო მტკიცებულებად ფიცი ითვლებოდა. ფიცს დებდნენ ეკლესიებში მღვდლებისა და მოწმეების თანდასწრებით. მიწაზე დავის დროს კი ადგილზე იფიცებდა ის, ვინც მიწას იჩემებდა. არსებულა ე. წ. „ცოდვის მოკიდების", „ცოდვის აღების" წესი: დამფიცებელი სადავო მიწაზე დადგებოდა, მოდავეს ზურგზე მოიკიდებდა და იტყოდა: „შენი ცოდვა მქონდეს, თუ სამანი აქ არ ყოფილიყოს", ან დამფიცებელი მოდავეს ზურგზე მოიკიდებდა და ეკლესიას სამჯერ შემოუვლიდა, თან იფიცებდა (მსგავსი წესი სვანეთშიც დასტურდება). დამნაშავეს გამოტეხდნენ „ხატზე გადაცემით".
წყაროები: ისიდორე დოლიძე, ძველი ქართული სამართალი, თბილისი, 1953, ილია აბულაძის რედაქციით. გვ.-გვ.: 94-97; საქართველოს ჩვეულებითი სჯული, თბილისი, 1953, ილია აბულაძის რედაქციით. გვ.-გვ.: 14-94
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 19 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2025-11-18
იხილეთ სრულადმიმდინარე წლის 17 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლო
2025-11-17
იხილეთ სრულად