გამოქვეყნების თარიღი: 2024-03-11
საქართველოს უზენაესი სასამართლო გამოთქვამს შეშფოთებას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის - ე.წ. ,,ვეტინგის“ სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.
ნათელია, რომ ე.წ. ,,ვეტინგი“ ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს ,,კეთილსინდისიერების’’ შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტოლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე.
უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა მიმართ გარეგანი ზეწოლის როგორც მითითებული შინაარსი, ისე ამ მასშტაბით განხორციელება, საამისოდ გათვალისწინებული ფაქტობრივი მოცემულობის არარსებობის პირობებში, ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ აღნიშნული წარმოადგენს თითოეული მოსამართლისადმი ინდივიდუალურად მიმართულ გზავნილს-შესაბამისი დღის წესრიგით გაცხადებული პოლიტიკური კონტროლისათვის დაქვემდებარებაზე უარის გაცხადების პირობებში-მათ მიმართ შემოწმების საგანგებო მექანიზმების გავრცელება/გამოყენების დაშვების თაობაზე.
სასამართლოში მუდმივი დაძაბულობის კლიმატის შექმნა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს თითოეული მოსამართლის ინდივიდუალურ საქმიანობაზე. ამგვარ პირობებში კი ნიშანდობლივია მცდელობა, რომ საერთო სასამართლოების სისტემის ყურადღება, მართლმსაჯულების განხორციელების საკვანძო ფუნქციის განხორციელების ნაცვლად, მიმართული იყოს ისეთი პროცესებისკენ, რომელიც თავისი შინაარსით არასამართლებრივია და წმინდა პოლიტიკური ხასიათის შემცველია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღეს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს მიხედვით, განსაკუთრებული სიზუსტით და მომეტებული სიფრთხილით მოწმდება თითოეული მოსამართლის კეთილსინდისიერების, კომპეტენტურობის და მოსამართლის მაღალ თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხები, რისი მაგალითიც გახლავთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის უპრეცედენტო პროცესი, რომელსაც პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებდა ქვეყნის მოსახლეობა. ე.წ. ,,ვეტინგის’’ ინიციატორები მიზანმიმართულად კვლავ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიიჩნევენ ე.წ. ,,ვეტინგის“ ადრესატებად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსამართლე, ყოველწლიურად ავსებს რა დეკლარაციას, რომელიც საჯაროა, ქმნის სავსებით საკმარის საინფორმაციო ბაზას მისი ქონებრივი მდგომარეობის სრულფასოვანი მონიტორინგისათვის. ამას ემატება არასამთავრობო სექტორის შერჩევით ცალკეულ მოსამართლეთა დეკლარაციების სპეციალური მონიტორინგი.
არსებულ მოცემულობაში, ე.წ. ,,ვეტინგის’’ მოთხოვნა არის დაინტერესებული პირების მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვა მართლმსაჯულების სისტემაზე. ცხადია, რომ მითითებული აქტორების მოჭარბებული ინტერესი და მათი დღის წესრიგი მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს ლეგიტიმაციის შესუსტებას და მართვის მექანიზმების სასამართლოს მიღმა გატანას.
საქართველოს უზენაესი სასამართლო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სასამართლო სისტემაში არც მოსამართლეთა კეთილსინდისიერება თუ კვალიფიკაცია, არც მართლმსაჯულების ხარისხი და არც გადაწყვეტილებათა დასაბუთების სტანდარტი არ მიუთითებს სამართლის უზენაესობის პრობლემის არსებობაზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, საერთაშორისო პრაქტიკამ თვალნათლად აჩვენა, მსგავსი ე.წ. ,,საგანგებო პროცედურების შედეგი“, სამართლის უზენაესობის პრინციპის განმტკიცების ნაცვლად ამ პრინციპის მოსპობა.
და ბოლოს, ნათელია, რომ ე.წ. ,,ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის, ინდივიდუალური მოსამართლისა თუ მოსამართლეთა ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სწორად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან.
მიმდინარე წლის 9 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ საქართველოს უზენაესი სასამართლო
2024-12-09
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 18 ნოემბერს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2024-11-17
იხილეთ სრულად