ისიდორე სამსონის ძე დოლიძე

ისიდორე დოლიძე დაიბადა 1915 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. 1930 წელს დაამთავრა სოფელ მერიის არასრული საშუალო სკოლა, ხოლო 1933 წელს - ბათუმის საამშენებლო ტექნიკუმი. როგორც წარჩინებით კურსდამთავრებულს, რეკომენდაცია მისცეს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.

1936 წლამდე სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1936 წელს გაიგზავნა მოსკოვში და სწავლა გააგრძელა იურიდიულ ინსტიტუტში, შემდეგ გადავიდა ქ. სვერდლოვსკის იურიდიულ ინსტიტუტში, რომელიც 1938 წელს დაამთავრა. იმავე პერიოდში ჩაირიცხა მოსკოვის იურიდიულ მეცნიერებათა საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურაში. იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ლექციებს კითხულობდა სახელმწიფო და სამართლის ისტორიაში საკავშირო სამრთლის აკადემიაში.

დიდი სამამულო ომის წლებში დაბრუნდა საქართველოში და მოღვაწეობა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო 1954-1957 წლებში.