გამოქვეყნების თარიღი: 2025-03-13
მიმდინარე წლის 13 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოსამართლეთა დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე ჰაფიზ ნასიბოვი. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ: ბაქოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე ელმარ რაჰიმოვი; იასამალის რაიონული სასამართლოს მოსამართლე რაუფ დაშდამიროვი და ნასიმის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბაბაკ პანაჰოვი. დელეგაციას თან ახლდა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი სამირ აბდურაჰიმოვი.
დელეგაციის წევრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ მიიღო. გაცნობითი ხასიათის პირისპირი ფორმატის შეხვედრის დასრულებისთანავე გაიმართა გაფართოებული შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარის, ლევან თევზაძისა და მოსამართლეების მონაწილეობით.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სასამართლო სისტემების მნიშვნელოვანი რეფორმები, საკასაციო ინსტანციაში სამართალწარმოების სპეციფიკა, აგრეთვე, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე საკანონმდებლო და სასამართლო პრაქტიკა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრადიციული მეგობრობისა და სამართლის დარგში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.
[აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოსამართლეთა დელეგაციის საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები თბილისის საქალაქო სასამართლოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოში.]
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 11 თებერვალს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2025-02-10
იხილეთ სრულად