საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

მდივანბეგთა სასამართლო

გამოქვეყნების თარიღი: 2024-01-31

გვიანფეოდალური საქართველოს სამეფო-სამთავროებში სასამართლო ორგანიზაციის ძირითადი, სპეციალიზებული დაწესებულება იყო ცენტრალური ხელისუფლების მდივანბეგთა სასამართლო. სახელმწიფო სასამართლო დაწესებულებას „დივანი“ ეწოდებოდა.

სიტყვა მდივანბეგი არაბული წარმოშობისაა და სეფიანთა ირანში მსაჯულთუხუცესს, სახელმწიფო საბჭოს ერთ-ერთ უმაღლეს მოხელეს წარმოადგენდა. არსებული ისტორიული ცნობებით დასტურდება, რომ ირანში მდივანბეგის თანამდებობას ხშირად იკავებდნენ ქართველებიც. მაგ.: მდივანბეგი შაჰყულ-ხანი იგივე ლევან ბატონიშვილი გახლდათ, ასევე, 1720-იანი წლების საბუთებში მდივანბეგად იხსენიება ნაზარალი-ხანიძე, კახეთის ბატონიშვილი კონსტანტინე (მაჰმადყული).

საქართველოში მდივანბეგთა სასამართლოს შემოღების ზუსტი დრო დადგენილი არ არის, თუმცა, მდივანბეგთა სასამართლოს არსებობას მოწმობს ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი, რომლის მიხედვითაც „დივანბეგი თავი მოსამართლე არის“, ანუ მთავარი მოსამართლე და სამდივნო სახლის გამგებელი.

აღსანიშნავია, რომ მართლმსაჯულებას იმდროინდელ საქართველოში სხვა პირებიც ახორციელებდნენ, მათ შორის, სახელისუფლებო და მმართველობითი ფუნქციების მატარებელნიც, თუმცა მთავარ ფიგურას მაინც მდივანბეგი წარმოადგენდა. მდივანბეგი მხოლოდ სასამართლო ფუნქციებით იყო აღჭურვილი.

მდივანბეგის სასამართლო კოლეგიური ორგანო გახლდათ და მის შემადგენლობაში შედიოდნენ:

1.         მდივანბეგი - უფროსი მოსამართლე, რომელიც სამეფოს უმაღლეს მსაჯულად ითვლებოდა, თვალყურს ადევნებდა სასამართლო საქმიანობას და სამართლის ასპარეზზე ორგვარ მოვალეობას ასრულებდა: იგი იყო ა) სამდივანბეგო სასამართლოს თავმჯდომარე; ბ) სასამართლოს წევრი;

2.         მსაჯულები, ანუ მოსამართლეები;

3.         მდივანი, რომლის ფუნქციას წარმოადგენდა სასამართლოში მონაწილე ორივე მხარის ჩვენების ჩაწერა, აგრეთვე, სამართლის წიგნის იმ მუხლების წაკითხვა, რომლებიც განსახილველ საქმეს ეხებოდა;

4.         ისაულნი, რომლებიც იყოფოდნენ ორ ჯგუფად: ა) „მართლის მთქმელნი უქრთამო ისაულნი“ — მათ ევალებოდათ საგამოძიებო ფუნქციის შესრულება; ბ) „გაწყრომისა და დაჭერის ისაულნი“, რომელთაც ევალებოდათ დამნაშავეთა შეპყრობა და განაჩენის შესრულება.

დამატებით, სასამართლოს შემადგენლობაში შედიოდნენ: „ მემათრახენი“ და „მოწმის მაძებარნი“. ისინი სასამართლოს უბრალო მსახურნი და სხვადასხვა დავალებებისა და განკარგულების ამსრულებელნი იყვნენ.

საინტერესოა ვახტანგის სამართლის წიგნში სასამართლოს შემადგენლობის განსაზღვრასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის გარანტად მოიაზრებოდა. კერძოდ, სასამართლო შედგებოდა არანაკლებ სამი მოსამართლისგან. „ორი ბჭე არა ჯერ არს“- წერია ვახტანგის სამართლის წიგნის 215-ე მუხლში და როგორც ეს მუხლი განმარტავს, „ორმა მოსამართლემ შეიძლება მიუტევებელი მიკერძოება გამოიჩინოს, ერთმა მოსამართლემ მომჩივნის მხარე დაიჭიროს, ხოლო მეორემ - მოადის (მოადი - სამოქალაქო საქმეებში მოპასუხე, სისხლის სამართლის საქმეებში - ბრალდებულია)“. ამგვარად, იმისათვის, რომ განაჩენის გამოტანისას ხმები შუაზე არ გაყოფილიყო და სამართლიანობის პრინციპი თვითნებურად არ შელახულიყო, სასამართლო სამი მოსამართლისგან მაინც უნდა ყოფილიყო შემდგარი.

მდივანბეგარს უმთავრესად ექვემდებარებოდა სისხლის სამართლის საქმეები, ხოლო სამოქალაქო და, განსაკუთრებით, საოჯახო სამართლის დარგი სხვადასხვა ადგილობრივ სასამართლო დაწესებულებებსა და კერძო ფეოდალურ მოხელე-მოსამართლეთა შორის იყო განაწილებული. თუმცა, მომჩივანს შეეძლო, თუ მოისურვებდა, გვერდი აევლო ადგილობრივ, ან კერძო ფეოდალის სასამართლოსთვის და უშუალოდ მდივანბეგის სასამართლოსთვის მიემართა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობის მიხედვით, მდივანბეგის სასამართლო უფლებამოსილი იყო განეხილა სამოქალაქო საჩივარი.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მდივანბეგის სასამართლო პროცესი შეჯიბრებითობის პრინციპს ითვალისწინებდა და მხარეები პროცესში თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ, თუ ისინი ფეოდალური იერარქიის ერთ საფეხურზე იდგნენ. სასამართლო ისმენდა მხარეების ჩვენებას, სინჯავდა საბუთებს, ამოწმებდა მათ სისწორეს და კითხავდა მოწმეებს.

მდივანბეგს გამოტანილი განაჩენის დასამტკიცებლად ჰქონდა სამოხელეო ბეჭედი, რომელსაც „მდივანბეგის ბეჭედი“ ეწოდებოდა.

(წყარო: გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13, გვ. 179-185; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 313-338).


ბოლო სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 15 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმ

2024-07-15

იხილეთ სრულად
ქედხუდა

ქედხუდების ინსტიტუტი მოქმედებდა აღმოსავლეთ საქართველოში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში.     მათ ჰქონდათ შ

2024-07-15

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის პირველ ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა.&n

2024-06-30

იხილეთ სრულად