საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

„რჯული“ სამედიატორო სასამართლო ხევსურეთში

გამოქვეყნების თარიღი: 2024-02-27

ქართული სამართლებრივი კულტურისა და სასამართლო ორგანიზების უძველეს ისტორიულ ნიმუშად მართებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ ხევსურეთში ძველად არსებული სამედიატორო სასამართლოს პირვანდელი ფორმა, რომელიც „რჯულად“ მოიხსენიებოდა. „რჯული“ ასევე იყო ხევსურული ჩვეულებითი სამართლის ნორმების ერთობლიობა, რომელთა საფუძველზეც მედიატორი მოსამართლეები- „რჯულის კაცები“ წყვეტდნენ სადავო საქმეებს. შესაბამისად, საქმის გარჩევას ხევსურეთში „გარჯულვას“ უწოდებდნენ, „გარჯულვის“ შედეგად გამოტანილ განაჩენს - „ნარჯულევს“, ხოლო პროცესში მონაწილე მხარეები კი „მერჯულეებად“ იწოდებოდნენ.

ხევსურეთში „რჯული“ ძირითადად იმართებოდა „ჭრა-ჭრილობის“ საქმეებზე, რადგან ხევსურეთში ხშირი იყო ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ურთიერთდაჭრის შემთხვევები, ასევე, მკვლელობის, ქურდობის, განქორწინების საქმეებზე, ქონების კუთვნილებასთან და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამდენად, „რჯულის“ განსჯადობის საგანი შეიძლება ყოფილიყო კერძო-სამართლებრივი ხასიათის ყოველგვარი დავა, რომელიც წარმოიშობოდა პიროვნების ღირსების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებისათვის ზიანის მიყენების შედეგად, სახელშეკრულებო სფეროში (მაგალითად, ვალის გადაუხდელობის ან სხვა გარიგებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის), საოჯახო-საქორწინო სფეროში და სხვ.

აღსანიშნავია, რომ „რჯულის კაცების“ ძირითადი საქმიანობა მიმართული იყო გადასახადის, „დრამის“ ოდენობის დასადგენად. „რჯული“ ტარდებოდა, ასევე, დამნაშავის ვინაობის დასადგენად, როდესაც დაზარალებულის მიერ მითითებული ეჭვმიტანილი უარყოფდა დანაშაულის ჩადენას. აქვე, საინტერესო იქნება, მოვიხმოთ ხევსურული სამართლის ზოგადი პრინციპიც, რომლის თანახმადაც, როგორც წესი, მკვლელობის საქმეზე „რჯული“ არ ტარდებოდა, თუ მკვლელი სახეზე იყო, მას მკვლელობისთვის დადგენილი გადასახადი, რომელიც წინასწარვე ცნობილი იყო, უნდა გადაეხადა. გადასახადის შემცირება დაუშვებელი იყო და განზრახვით თუ განზრახვის გარეშე ჩადენილი მკვლელობის შემთხვევაში ერთი და იმავე ოდენობით განისაზღვრებოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ხევსურეთში „რჯულის“ ჩატარება ადამიანის უბრალოდ გარდაცვალების შემთხვევაშიც შეიძლება გამართულიყო, თუ დაზარალებულის მტკიცებით, პირის გარდაცვალებას ირიბი კავშირი ჰქონდა სხვა კონკრეტულ პირთან. მაგალითად, როდესაც ერთი პირი მეორეს სადმე გააგზავნიდა ან თან წაიყვანდა და გზად, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ეს პირი გარდაიცვლებოდა.

სამედიატორო სასამართლო - „რჯული“, ეს არ იყო მუდმივმოქმედი სასამართლო დაწესებულება. მხარეთა დათანხმებას „რჯულის“ მოწვევაზე  ახორციელებდნენ შუაკაცები, ხევსურეთში უდიდესი ავტორიტეტის მქონე პირები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ „რჯულის“ ჩატარებას მხარეთა მორიგების მიზნით, შურისძიებისა და თვითგასამართლების თავიდან ასაცილებლად. შუაკაცები, როგორც კი დაითანხმებდნენ მხარეებს „რჯულის“ მეშვეობით მოეგვარებინათ მათ შორის დავა, დღის წესრიგში დგებოდა მედიატორი მოსამართლეების - „რჯულის კაცების“ არჩევის საკითხი, რომელთა შერჩევის პრეროგატივაც მხარეებს ჰქონდათ. ცხადია, მხარეები დაინტერესებულნი იყვნენ „რჯულის კაცებად“ მოეწვიათ ისეთი ადამაინები, რომლებიც შესანიშნავად ერკვეოდნენ ხევსურულ „რჯულში“, ახსოვდათ „ანდრეზები“ სხვადასხვა  კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, იყვნენ პატიოსნებით, ავტორიტეტით, გონიერებით, სიდინჯით, ღვთის მოშიშებითა და სიტყვა-პასუხით გამორჩეულნი, რომელთაც შეეძლოთ, სათანადო სიტყვების მოძებნა კრიტიკულ სიტუაციაში, მაგალითად, გამოტანილ განაჩენზე რომელიმე უკმაყოფილო მხარის დათანხმების მცდელობისას.

„რჯულის კაცთა“ რაოდენობა საქმის სიმძიმეზე იყო დამოკიდებული, რაც უფრო რთული იყო საქმე, მით უფრო მეტი „რჯულის კაცის“ არჩევა იყო საჭირო. ძირითადად, მძიმე საქმეებს თორმეტამდე „რჯულის კაცი“ განიხილავდა, ხოლო მსუბუქ საქმეზე „რჯულის კაცთა“ რაოდენობა შეიძლება ყოფილიყო 2-იდან 4-მდე.

დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა „რჯულის“ ჩატარების ადგილის განსაზღვრას, ვინაიდან სპეციალური შენობა სასამართლო პროცესების გასამართავად არ არსებობდა, შესაბამისად, „რჯული“ ისეთ ადგილას იმართებოდა, რომ არც ერთი მხარე არ აღმოჩენილიყო თუნდაც ოდნავ პრივილეგირებულ მდგომარეობაში.  ძირითადი პრინციპი კი იყო - მხარეები ერთმანეთს არ შეხვედროდნენ და ერთმანეთის საუბარი არ მოესმინათ.

საინტერესო იყო სასამართლო პროცესის უძველესი ფორმაც, რომელიც ნათლად მოიცავდა საბრალდებო პროცესისთვის დამახასიათებელ  ნიშნებსა და პრინციპებს. „რჯულის კაცები“ თავდაპირველად მომჩივანს დაჰკითხავდნენ, შემდგომ კი, მოპასუხეს. მხარეთა დაკითხვის რიგითობა, შესაძლოა, წილისყრის საფუძველზეც გარკვეულიყო. ზოგადად, „რჯულის კაცები“ თვითონ მიდიოდნენ ჯერ ერთ მხარესთან, დაწვრილებით გამოჰკითხავდნენ საქმის ვითარებას, ხოლო შემდეგ - მეორესთან, მეორე მხარეს სიტყვასიტყვით გადასცემდნენ პირველად დაკითხული მხარის ჩვენებას. აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში „რჯულის კაცები“ არბილებდნენ მხარეთა უხეშ გამონათქვამებს, ცდილობდნენ მეორე მხარისთვის კორექტული ფორმით მიეტანათ გამონათქვამები, იმისათვის, რომ მხარეთა შორის შერიგებისა და კომპრომისის განწყობა დაემკვიდრებინათ.

საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, „რჯულის კაცები“ იკრიბებოდნენ განაჩენის გამოსატანად. ისინი რიგრიგობით გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს, თათბირობდნენ, კამათობდნენ და ბოლოს, საერთო გადაწყვეტილებამდე მიდიოდნენ.თუ პიროვნებაზე მხოლოდ ეჭვი იყო, მას ჯვარში დაფიცებას, ან საფლავზე შედგომით ცოდვის მოკიდებას („ყურის მოჭრას“) შეუთვლიდნენ თავის მართლების მიზნით, თანამოფიცრებთან („ხელს მამკიდეებთან“) ერთად. თუ ეჭვმიტანილი ან რომელიმე თანამოფიცარი უარს იტყოდა დაფიცებაზე (ან ცოდვის მოკიდებაზე), ფიცი „ტყდებოდა“ და ეჭვმიტანილი დამნაშავედ ჩაითვლებოდა. ამ შემთხვევაში მას უკვე გადასახადი უნდა გადაეხადა დაზარალებულისათვის, რომლის ოდენობას, თუ საჭირო იქნებოდა, „რჯულის კაცები“ განსაზღვრავდნენ.

საგულისხმოა, რომ განაჩენის გამოტანისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა პრეცედენტს ანალოგიურ საქმეზე ანუ „ანდრეზს“. „რჯულის კაცები“ აუცილებლად გაიხსენებდნენ, თუ როგორ გადაწყდა მსგავსი საქმე ძველად.

პროცესის შემდეგი სტადია იყო განაჩენის გამოცხადება მხარეებისთვის, რომლის გამოცხადების ცერემონიალიც „რჯულის“ ჩატარების ადგილას იმართებოდა, თუმცა „რჯულის კაცები“ განაჩენს მხარეებს ცალ-ცალკე უცხადებდნენ. აღსანიშნავია, რომ განაჩენს შესასრულებლად ფაკულტატიური ხასიათი ჰქონდა და მისი აღსრულება მთლიანად მხარეთა ნებაზე იყო დამოკიდებული. თუ რომელიმე მხარე არაობიექტურად, უსამართლოდ ჩათვლიდა „რჯულის კაცების“ მიერ გამოტანილ განაჩენს, შეეძლო ახალი „რჯული“ მოეთხოვა და არ იყო გამორიცხული შუაკაცების მეშვეობით „რჯულის“ მეორედ, მესამედ, მეოთხედ და ა.შ. ჩატარება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ერთსა და იმავე საქმეზე „რჯული“ რამდენჯერმე ტარდებოდა. პირიქით, ძირითადად მხარეები ეთანხმებოდნენ „ნარჯულევს“. ამ მხრივ, უპრიანი იქნება ხაზი გაესვას, რომ „რჯულის“ გამართვის მიზანს მხარეთა შერიგება წარმოადგენდა, შესაბამისად, „რჯულის კაცები“ განაჩენის გამოტანისას ხშირად ითვალისწინებდნენ მხარეთა განწყობას, თუ როგორი განაჩენის შესრულებას დათანხმდებოდა ორივე მხარე, მხარეები - დიდი, ძლიერი გვარის ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ თუ სუსტის და სხვ.

აღსანიშნავია, რომ „რჯულში“ ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა პროცესის ზეპირობა. არავითარი დოკუმენტი არ დგებოდა წერილობითი სახით, მათ შორის არც განაჩენი.

ხევსურული სამედიატორო სასამართლოს - „რჯულის“ ჩატარების ძირითადი პრინციპები და სასამართლო პროცესის სტადიები საქართველოს უძველესი სამართლებრივი კულტურის მდიდარი მემკვიდრეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო და გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.

(წყარო: დავითაშვილი გ.,  სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი ქართულ ჩვეულებით სამართალში, სადისერტაციო ნაშრომი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 2004, გვ. 46-96)


ბოლო სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 15 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმ

2024-07-15

იხილეთ სრულად
ქედხუდა

ქედხუდების ინსტიტუტი მოქმედებდა აღმოსავლეთ საქართველოში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში.     მათ ჰქონდათ შ

2024-07-15

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის პირველ ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა.&n

2024-06-30

იხილეთ სრულად