გამოქვეყნების თარიღი: 2026-10-05
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ინამ ქარიმოვის, მოწვევით, ბაქოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ლევან თევზაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე და თამარ ოქროპირიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.
ვიზიტის ფარგლებში, 30 სექტემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ორი ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, სამართლებრივ საკითხებზე პროფესიული დიალოგის განვითარებას და საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებას. მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანი საფუძველია საქართველოსა და აზერბაიჯანის უზენაეს სასამართლოებს შორის ინსტიტუციური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია სუმგაითის სასამართლო კომპლექსს ეწვია. ვიზიტისას გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებსა და მოსამართლეებთან. შეხვედრაზე მხარეებმა სასამართლო სისტემის წინაშე არსებული აქტუალური საკითხები და მათი პრაქტიკული გადაწყვეტის გამოცდილება განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასამართლო პრაქტიკის გაზიარებას, პროფესიული გამოცდილების ურთიერთგაცვლასა და მოსამართლეებს შორის პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობას. შეხვედრაზე, ასევე, გამოიკვეთა საქართველოსა და აზერბაიჯანის სასამართლო სისტემებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს აზერბაიჯანის ეროვნული საავიაციო აკადემიის სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები და სტუდენტები. ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს სასამართლო სისტემის, მისი ინსტიტუციური მოწყობისა და სასამართლოების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო, ასევე, ისაუბრა სამართლებრივი განათლების მნიშვნელობაზე.
შეხვედრისას ხაზი გაესვა სასამართლო სისტემასა და აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მოსამართლეებს, იურიდიული სფეროს პროფესიონალებსა და აკადემიურ საზოგადოებას შორის აქტიური პროფესიული დიალოგი ხელს უწყობს სამართლებრივი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, მომავალი იურისტების პროფესიულ განვითარებას და სასამართლო სისტემის საქმიანობის შესახებ საზოგადოებრივი და აკადემიური დისკუსიის გაძლიერებას.
დამატებით, საქართველოს დელეგაცია ყარაბაღის რეგიონში ვიზიტისას ეწვია ხანქენდის სასამართლო კომპლექსს, სადაც გულთბილი და საქმიანი შეხვედრა შედგა აზერბაიჯანელ კოლეგებთან. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ხანქენდის სასამართლო კომპლექსის ინფრასტრუქტურა და გაეცნენ სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებს. მხარეებმა ისაუბრეს პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ პატივი მიაგო ღირსების ხეივანსა და მოწამეთა ხეივანში დაკრძალულთა ხსოვნას და მემორიალები გვირგვინით შეამკო.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი 29 სექტემბერს დაიწყო და 3 ოქტომბრამდე გაგრძელდა. კულტურული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოენახულებინათ შუშაში, ხოჯალსა და ლაჩინში მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ადგილები.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგან
2026-09-22
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 22 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2026-09-13
იხილეთ სრულად